სუს-ი - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციების ფარგლებში, ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მიმდინარეობდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების არქიტექტურის შესწავლა
სუს-ი - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციების ფარგლებში, ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მიმდინარეობდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების არქიტექტურის შესწავლა

კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირება უნდა დაეფუძნოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ფუნქცია-მოვალეობების მკაფიო რეგლამენტირება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„გასული წლების განმავლობაში საჯარო კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მიმართ არაერთი კიბერშეტევა განხორციელდა, მათ შორის, თავდასხმის სამიზნეები გახდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროს, საკრებულოების, საერთო სასამართლოების, ასევე, მედიაორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების ვებგვერდები და ელექტრონული სისტემები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციების ფარგლებში, მოწყვლადი წერტილების აღმოჩენის მიზნით, ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ მიმდინარეობდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების არქიტექტურის შესწავლა.

„კიბერაქტორები იყენებდნენ დახვეწილ და კარგად შენიღბულ მეთოდებს, მათ შორის, ე.წ. ფიშინგს, რთული ალგორითმებით დაშიფრულ მავნე კოდებს და მათი მართვის პანელებს, ასევე, დაშიფრულ ქსელურ არხებს და უცხოურ ე.წ. ჰოსტინგკომპანიებში არსებულ ინფრასტრუქტურებს.

აღნიშნული ინციდენტები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ქვეყანაში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ახალ გამოწვევებს მორგებულ საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში, ასევე, კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩართული შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების ამაღლებაში“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არ გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და ვალდებულებები ინფორმაციული და კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

„შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირება უნდა დაეფუძნოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ფუნქცია-მოვალეობების მკაფიო რეგლამენტირება.

აღნიშნული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის ინიცირება. ამჟამად კანონპროექტი განიხილება პარლამენტში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ამ სფეროში აუცილებელი რეფორმების დროულად განხორციელებას და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის მდგრადობის ამაღლებას“ – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.