სუს-ი - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მყოფ სამართალდამცავებთან ნებისმიერი ფორმით დაპირისპირება უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, ხოლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხალხმრავალი აქციები საფრთხეს უქმნის ადგილზე მყოფი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მყოფ სამართალდამცავებთან ნებისმიერი ფორმით დაპირისპირება უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, ხოლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხალხმრავალი აქციები საფრთხეს უქმნის ადგილზე მყოფი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ გრძელდებოდა საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად გამოყენება.
„გასულ წელს უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და ადგილზე მიმდინარე სხვა პროცესები იწვევდა საქართველოს მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას, თუმცა ამ პროცესში ფიქსირდებოდა დაძაბულობა და ესკალაციის საფრთხე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოდგენილ სამართალდამცავებსა და ცალკეულ სამოქალაქო ჯგუფებს შორის, ასევე, ხშირი იყო მოწოდებები საოკუპაციო ხაზთან ხალხმრავალი აქციების გამართვის შესახებ.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მყოფ სამართალდამცავებთან ნებისმიერი ფორმით დაპირისპირება ახდენს ადგილზე არსებული ვითარების ესკალაციას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, ხოლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხალხმრავალი აქციები საფრთხეს უქმნის ადგილზე მყოფი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“,- ნათქვამია ნაგარიშში.
სუს-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქტიურად წარმოებული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, დე ფაქტო რეჟიმებმა ყალბ ახალ ამბებს დაუკავშირეს საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვა.
„2019 წლის დასაწყისში, ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების ე.წ. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება 45 დღით შეიზღუდა. დაიხურა ე.წ. გამშვები პუნქტები და ადგილობრივი მოსახლეობა მოექცა იზოლაციაში. 2019 წლის სექტემბერში საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ შეზღუდა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება, რაც ამჯერად ცენტრალური ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების ვითარების „გაუარესებას“ და ჩორჩანაში განვითარებულ პროცესებს დაუკავშირა.
სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალები აქტიურად აშუქებდნენ დეზინფორმაციას. მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საოკუპაციო ძალები ავრცელებდნენ ყალბ ახალ ამბებს, მათ შორის, თბილისის მხრიდან დამატებითი პოლიციური ძალების მობილიზების და პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
საოკუპაციო ძალებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენები ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისთვისაც გამოიყენეს, რითაც ამავდროულად ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა სცადეს“,- აღნიშნულია სუს-ის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.