სუს-ი - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.