სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავებული პირი ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც განხორციელდა მისი უკანონო დაკავება.
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა.
სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.
„საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.