სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„არჩილ ბასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.