სუს-ი - რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
ამის შესახებ სუს-ის 2019 წლის ანგარიშშია საუბარი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს რა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად შემადგენელს, აღნიშნული კვლევითი ცენტრი წლების განმავლობაში საინფორმაციო თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
„ცენტრის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცენტრის საქმიანობასთან ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების დაკავშირების მცდელობას.
აღნიშნულ კამპანიას რამდენიმე მიზანი ამოძრავებდა: საქართველოს მოქალაქეებში პროგრესის, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარებისადმი შიშის დათესვა; საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული უარყოფითი განწყობების გაღვივება და ზოგადად, დასავლური სამყაროს „დემონიზება“; საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირება.
კვლევით ცენტრზე მასშტაბური საინფორმაციო თავდასხმები, ისევე, როგორც ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სხვა ეროვნული პროგრამების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა, სხვადასხვა გამოწვევის გარდა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებას“,- აღნიშნულია სუს-ის 2019 წლის ანგარიშში.