სუს-ი - ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.