სუს-ი - ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ხუთი წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ხუთი წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.
„მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს. საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.