სუს-ი - მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, – ნათქვამია სუს-ის 2023 წლის ანგარიშში.
უწყების ცნობით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
“უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2023 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება.
გარდა ამისა, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო“, – აღნიშნულია სუს-ის 2023 წლის ანგარიშში.