სუს-ი IPRM-ის მე-100 შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა IPRM-ის შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.
საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას ადასტურებს შეხვედრაში ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის მონაწილეობა.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენდა. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და მუდმივ საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო აქტივობების დაუყოვნებელი შეწყვეტა.