სუს-ი - ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს.
პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრედ მცხოვრებ ბატონისაშვილების ოჯახს საკუთარი რკინის ღობის ნაწილი ახსნილი დახვდა. ოჯახი შიშობს, რომ ღობის ახსნას მავთულხლართების გავლებაც მოყვება.
სუს-ში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ინფორმირებული.
„მიმდინარე წლის 21 იანვარს ძუკაანთკარში მოხდა უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ინციდენტები განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე“, – განუცხადეს სუს-ში პირველ არხს.