სუს-ი - 2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა
სუს-ი - 2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა

2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა, – აღნიშნულ საკითხზე საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარეობდა ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და ანალიტიკური მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფისკენ მიმართული საფრთხეებისა და ქმედებების პროგნოზირების, გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთა-განეიტრალების მიზნით.

„საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული იქნა შესაბამისი ქმედითი ზომები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების შესაძლო საქმიანობის, კავშირების, დაინტერესების სფეროების გამოვლენისა და მათი მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან სახელმწიფოს დაცვის მიზნით.

საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა მუშაობა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაფინანსებული, მართული თუ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერილი ორგანიზაციების, პირების და ჯგუფების გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების შემცირება-განეიტრალების მიზნით. დგინდებოდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირები, მათი მოქმედების არეალი და მათ წინაშე დასახული ამოცანები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ვითარების კონტროლი. 2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა, სადაც გამოვლინდა პროპაგანდისტული, სეპარატისტული, აკრძალული სიმბოლიკის (მათ შორის, საბჭოთა) გამოყენების ან სხვა სახის დესტრუქციული საქმიანობის მცდელობა“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.