საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს, ირაკლი ხ-ს და რამაზ კ-ს., საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას. გენო ქ-მ, ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ, 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომადგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2018 წლის 29 მარტს გენო ქ. ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.