სუს-ი - ამოღებულია მაჩალიკაშვილზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება მიმდინარეობს.
„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიფ ბორძიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ინფორმაცია და ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.