სურსათის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღიათ
ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს“, – აცხადებენ უწყებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ჩატარებული აქვთ ინსპექტირება და რომლებიც აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს“, – განმარტავენ სააგენტოში.
დღეს სააგენტო „როიტერმა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.