სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ 2019 წელს ბაზრებიდან ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ სააგენტომ წელს ბაზრებიდან ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო და გაანადგურა.
მისი თქმით, სააგენტო აქტიურად ამოწმებს სარეალიზაციო ბაზარს და ბაზარზე განთავსებულ სხადასხვა სახის სურსათს.
„2019 წელს ამოვიღეთ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და განადგურდა შესაბამისი წესის მიხედვით. სააგენტო აქტიურად ამოწმებს სარეალიზაციო ბაზარს და ბაზარზე განთავსებულ სხადასხვა სახის სურსათს, მათ შორის ხორცსა და ხორცპროდუქტებს. გასული წლის განმავლობაში არაერთი სახეობრივი კვლევა ჩატარდა, რაზეც ხშირ შემთხვევაში დადებითი პასუხებია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ხორცი, თუმცა კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ იყო ცხენის ხორცი. ერთეულ შემთხვევებში იყო ვირის ხორცის ფაქტებიც“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.
კითხვაზე, ახლა რა ოდენობის ხორცი ამოიღეს და არსებობს თუ არა რისკი, რომ სარეალიზაციო ობიექტებზე ვირისა და ცხენის ხორცი ისევ იყიდებოდეს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტო სხვადასხვა შემთხვევაში თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან. აღნიშნული საკითხი გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რაზეც მათ ჩაატარეს გამოძიება და დეტალები სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპენტენციაში არ შედის.
ცხენისა და ვირის ხორცის საქონლის ხორცის სახით რეალიზაციის ფაქტზე დღეს ორი პირი ამხილეს.