სურსათის ეროვნული სააგენტო - სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა
მიმდინარე წელს, სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქაძის თქმით, არადაფასოებული და არაეტიკეტირებული სუნელების გაყიდვა კანონდარღვევაა და მსგავს შემთხვევებში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან.
გიორგი მიქაძის განმარტებით, გასულ წელს დარღვევების ასობით ფაქტი დაფიქსირდა.
„გასულ წელს, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კვლევები ჩაატარა, ემიგრანტი ბავშვების სისხლი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. დაიწყო კვლევა და აღმოჩნდა, რომ ტყვია ფიქსირდებოდა ჩვენგან წაღებულ სუნელებში, საუბარია კუსტარულად დამზადებულ სუნელებზე. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ კვლევა დავიწყეთ, იგივე შედეგები მივიღეთ, გვქონდა ძალიან მაღალი დარღვევები სუნელებში და სანელებლებში. ამან მოიტანა მთავრობის შესაბამისი დადგენილება. გამოიკვეთა, რომ საქმე გვქონდა ფალსიფიკაციასთან, განსაკუთრებით ყვითელი ყვავილის შემთხვევაში, მას ერეოდა არასასურსათო საღებავი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ყვითელ ყვავილთან. შესაბამისად, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული.
ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო დროებითი ზომები, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს – ან ადგილზე დაფქვილიყო ან ის უნდა ყოფილიყო დაფასოებული, რომ იდენტიფიკაცია შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც ჩვენ მიერ იქნებოდა გაკონტროლებული. ჩვენ გამოვითხოვეთ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევები და გაირკვა, რომ მიზეზშედეგობრივი პასუხები ვერ დადგინდა“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.