სურსათის ეროვნული სააგენტო შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან, ინსპექტირების შედეგად კი კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ათ ობიექტში, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში – გურიასა და აჭარაში, ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან.

ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ათ ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით ბიზნესსექტორის ინფორმირებისა და საწარმოო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს, ხვდება დაინტერესებულ მხარეებს და უახლეს ინფორმაციას აწვდის მათ.

შედეგად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.