სურკისების გაქცევა, ლუჩესკუს პრორუსული განცხადებები და კადიროვის მეგობარი ხელმძღვანელობაში - ულტრასებმა კიევის „დინამოს“ მეპატრონეებს პრეტენზიები წაუყენეს #1TVSPORT
სურკისების გაქცევა, ლუჩესკუს პრორუსული განცხადებები და კადიროვის მეგობარი ხელმძღვანელობაში - ულტრასებმა კიევის „დინამოს“ მეპატრონეებს პრეტენზიები წაუყენეს #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ ულტრასებმა არასასიამოვნო კითხვები დაუსვეს ძმებ სურკისებს (გრიგორს და იგორს) და პრეტენზიები წაუყენეს. პირველი კლუბის მეპატრონე და უკრაინის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი იყო, ერთი პერიოდი კი უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. იგორ სურკისი კი კიევის „დინამოს“ პრეზიდენტია. რუსეთის აგრესიის შემდეგ ორივე მათგანმა უკრაინა დატოვა, რაც გულშემატკივრებმა ღალატად მონათლეს.

„თქვენ გაქვთ სრული უფლება, ქვა მესროლოთ, თუ ჩემი ძმა რაიმეს გააკეთებს უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – თქვა იგორ სურკისმა 2019 წლის აგვისტოში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მისი ძმა შეუერთდებოდა ღიად პრორუსულ პარტიას „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“.

– მას შემდეგ ძმებ სურკისებს ყოველი სამარცხვინო საქციელის გამო სათითაოდ „ვესვრით ქვებს“. ჯერ „დინამოს“ სტადიონი ამ პარტიის მისაღებად გადააქციეს, სადაც დეპუტატები სამუშაოდ მოდიოდნენ, მოედანზე სურათებს იღებდნენ და „ვარჯიშობდნენ“. შემდეგ სტადიონ „ოლიმპისკზე“ პრორუსული არხების რეკლამები გამოფინეს. დაპირისპირება გამწვავდა და ჩვენ ვცდილობდით მათ ყოველ სამარცხვინო ქცევაზე პასუხი გაგვეცა.

– საქველმოქმედო თამაშების სერიიდან „დინამოს“ პირველი მატჩი გაიმართა. კარგი ინიციატივა იყო, ტრიბუნაზე ბევრი უკრაინელი მოხვდა, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, დროებით მაინც დაევიწყებინათ ომი. ამას გარდა, მოთამაშეებმა უკრაინისთვის ფული შეაგროვეს. პოლონელები ბევრს გვეხმარებიან, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ! მაგრამ მატჩამდე „ლეგიას“ ულტრასებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ამ თამაშს და კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვეს, მატჩიდან მიღებული შემოსავალი ძმები სურკისების ანგარიშზე არ გადაერიცხათ.

– ამიტომ მივმართავთ სხვა კლუბების გულშემატკივრებს, რომლებთანაც „დინამო“ ამხანაგურ თამაშებს ითამაშებს. პირველ რიგში „გალათასარაის“ გულშემატკივრებს, რადგან უკვე შეხება გვაქვს „ბორუსიასთან“ და ზაგრების „დინამოსთან“ – უზენაესი რადას მოქმედმა დეპუტატმა გრიგორი სურკისმა პირდაპირი საკანონმდებლო მოვალეობის ნაცვლად, უკრაინა დატოვა. მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია უკრაინაში უკვე აკრძალული პრორუსული პარტიიდან გასვლის შესახებ. მან მანდატი არ დათმო, უბრალოდ გაიქცა. ის რეგულარულად ჩნდება „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ცდილობს წარმოჩინდეს, როგორც პატრიოტი და მეცენატი.

– ჩვენ გვინდა, რომ ყველა ევროპელმა გულშემატკივარმა ნათლად გაიგოს, რომ „დინამოს“ საქველმოქმედო მატჩები არის არა მხოლოდ უკრაინისთვის ფულის შეგროვების საშუალება, არამედ ძმები სურკისების რეპუტაციის გათეთრების მცდელობაც. და რა უნდა გააკეთოთ ამ ფაქტთან და როგორ მოიქცეთ – თავად გადაწყვიტეთ.

ვინაიდან „დინამოს“ ხელმძღვანელობა აქტიურად კითხულობს ჩვენს განცხადებებს და ცდილობს მათზე პასუხის გაცემას, გვინდა მოვისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. რატომ ქვეყნდება სიახლე „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე პრორუსი დეპუტატის გრიგორი სურკისის სახელით?

2. რა ბედი ეწევა ვიცეპრეზიდენტ გინზბურგს მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვთან მისი მეგობრული ურთიერთობა გამჟღავნდა?

3. მხარს უჭერს თუ არა კლუბი ლუჩესკუს სიტყვებს, რომ ამ ომში რუსი ფეხბურთელები არ არიან დამნაშავე, ამიტომ ისინი არ უნდა დისკვალიფიცირდნენ?

ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ თანხების შეგროვებას, ვყიდულობთ ყველაფერს, რაც მებრძოლებისთვის არის საჭირო და დაუყოვნებლივ ვაგზავნით ცხელ წერტილებში. შეუერთდი წამოწყებას“, – ვკითხულობთ კიევის „დინამოს“ ულტრასების გავრცელებულ ცნობაში.