უკრაინელი ჟურნალისტი - წიტაიშვილთან დაკავშირებით კიევის „დინამომ“ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ არაოფიციალურ ვებგვერდზე (dynamo.kiev) უკრაინელმა ჟურნალისტმა, სერგეი ტიშჩენკომ წერილი გამოაქვეყნა გიორგი წიტაიშვილზე – „რატომ არ გახდა წიტაიშვილი „დინამოს“ ხვიჩა“.
„გიორგი წიტაიშვილი „დინამოს“ ერთ-ერთ მთავარ ტალანტად მიიჩნეოდა. პოტენციურად, ის უნდა გამხდარიყო პირველი გუნდის წამყვანი მოთამაშე და დიდი ფულის საფასურად კარგ კლუბში უნდა წასულიყო, მაგრამ 22 წლის ასაკში გიო ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ნიჭის რეალიზებისგან.
წელიწად-ნახევარია გიო პოლონეთში უშედეგოდ გამოდის და ძალიან ცოტას თამაშობს პოზნანის „ლეხში“ (ფაქტობრივად, სეზონის მეორე ნაწილში არ თამაშობს). მიუხედავად ნიჭისა, ჯერ „გახსნა“ ვერსად მოახერხა. ახლა სრული ფიასკოა პოლონეთში, რომელიც პლაცდარმია ევროპისკენ. თუ ფეხბურთელი თავს გამოიჩენს, მაშინ უფრო ძლიერ კლუბში და ჩემპიონატში მიდის. გიომ შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენცია წააგო.
22 წლის ასაკში წიტაიშვილი იმედგაცრუებულია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ციგანკოვზე არანაკლებ ავანსები გასცეს და ნიჭით დიდად არ ჩამოუვარდებოდა მუდრიკს ან კვარაცხელიას. გიოს ამ მოთამაშეებთან ბევრი რამ აქვს საერთო (პოზიცია, სიძლიერე, ასაკი, ანთროპომეტრია).
„დინამოსთან“ ქართველის კონტრაქტი ძალაში 2024 წლის ზაფხულამდეა. კიევის კლუბის ხელმძღვანელებმა ამ ფეხბურთელზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – ან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმონ და პირველ გუნდში შანსი მისცენ, ან საბოლოო დაემშვიდობონ.
წიტაიშვილს ნებისყოფა არ ეყო. ეს მხოლოდ გიოს კი არა, ბევრი ნიჭიერი ქართველის პრობლემაა – არაბიძე, ანანიძე, ჩაკვეტაძე. ყველა მათგანს ეგონა, რომ ყველაფერს შეეძლოთ, ყველამ იცოდა, რომ მათი ნიჭი საკმარისი იყო უმაღლეს დონეზე სათამაშოდ, მაგრამ…
პოლონეთის შემდეგ ევროპული გუნდებიდან ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესის წინაპირობა არ არსებობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და შემდგომ იჯარით ლუგანსკის „ზორიაში“ ან „კრივბასში“ ითამაშებს იმ მოლოდინით, რომ „დინამოში“ მოვა მწვრთნელი, რომელიც მის პოტენციალს დაინახავს“, – წერს სერგეი ტიშჩენკო.