სურამში ლესია უკრაინკას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს
სურამში ლესია უკრაინკას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

სურამში უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას, რომელიც პოეტის 145 წლის იუბილეს მიეძღვნა, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ესწრებოდნენ.

დაგეგმილია სურამში მდებარე ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრვ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იჰორ დოლჰოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

რეაბილიტაციის პროცესი სახლ-მუზეუმის შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასთან და მისი ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც ითვალისწინებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის, ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.