სულხან თამაზაშვილი - მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება, აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც შეუძლიათ, დადგან
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღება და აქციის ორგანიზატორებს კარვების გუმათში ჩატანა შესთავაზეს.
ამასთან, სულხან თამაზაშვილმა განმარტა, თუ რატომ მიიღეს კარვების დაშლის გადაწყვეტილება.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მეტეოროლოგები პროგნოზირებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გასვლა, დადგნენ აუცილებლობის წინაშე, რომ სოფელ „ნამახვანის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აეღოთ.
ამასთან, სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა დაკარგულ მამაკაცზეც და აღნიშნა, რომ მაშველები ძალიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ მდინარე რიონში საძიებო-სამაშველო ოპერაციას.
„დავიწყებ გუშინდელი მძიმე ფაქტით, გეტყვით, რომ მაშველები ძალიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ მუშაობას, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი მამაკაცი. გამომდინარე გუშინდელი ფაქტიდან და იქიდან, რომ ჩვენი მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამის საფუძველზე ვიმოქმედეთ და მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება. აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ ჩვენ დაგეხმარებით. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას, მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ, დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი. იმ ხეობაში, არსებული პირობებიდან გამომდინარე, კარვების განლაგება შეუძლებელია“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება და კარვების გატანის, ასევე ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება საფრთხის თავიდან აცილების, აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის აქციას გუმათჰესის დასახლებაში მართავენ.