სულხან სალაძე - მოლაპარაკების ყველა საკითხი უნდა იყოს დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, რადგან პარტიების ნაწილი შესაძლოა, გაქრეს პოლიტიკური სივრციდან
სულხან სალაძე - მოლაპარაკების ყველა საკითხი უნდა იყოს დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, რადგან პარტიების ნაწილი შესაძლოა, გაქრეს პოლიტიკური სივრციდან

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, ოფიციალურ ან არაოფიციალურ დონეზე არ მიუღიათ მსგავსი შეთავაზება, რომ საია იყოს ერთ-ერთი იმ სამი ორგანიზაციიდან, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ან საოლქო კომისიების ხელმძღვანელებს დაასახელებს და შესაბამის უწყებას წარუდგენს.

სალაძის შეფასებით, თუ მხარეები მართლაც თანხმდებიან ასეთ შესაძლებლობაზე, სწორი იქნებოდა, ყოფილიყო წინასწარი კომუნიკაცია იმ ორგანიზაციებთან, ვინც სავარაუდოდ ამ შეთავაზებაში არის აღნიშნული.

„არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე არ ყოფილა ამ ტიპის მოლაპარაკება, არც საუბარი, შემოთავაზება, რომ, მაგალითად, საია იყოს ერთ-ერთი იმ სამი ორგანიზაციიდან, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ან საოლქო კომისიების ხელმძღვანელებს დაასახელებს და წარუდგენს შესაბამის უწყებას. ამ ფორმით არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკება, არც შემოთავაზება.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ სწორი სტრატეგია იქნებოდა, თუ ეს მართლა ეწერა იმ დიკუმენტში, რაც წარდგენილი იყო და თუ მართლა თანხმდებიან მხარეები ასეთ შესაძლებლობაზე, მათ შორის ყოფილიყო წინასწარი კომუნიკაცია ასეთ შესაძლებლობაზე იმ ორგანიზაციებთან, ვინც სავარაუდოდ ამ შეთავაზებაში არის აღნიშნული.

ჯერ ის განცხადებაც, რაც გავრცელდა, საკმაოდ ბუნდოვანია იმ ნაწილში, რაც ეხება ამ სამ ორგანიზაციას. ჩვენ არ ვიცით, რაზეა აქ საუბარი, მხოლოდ ერთი კანდიდატის ნომინირებაზე, თუ რამდენიმე კანიდატის. ეს ცესკო-ს თავმჯდომარის პიზიციაზე თუ ვისაუბრებთ.

მეორე – უფრო რთული საკითხია საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები. აქ პრაქტიკულად შეუძლებელია, ორგანიზაციებმა, მათი საქმიანობის ფორმატიდან გამომდინარე, ისე იმოქმედონ, რომ თავიანთ თავზე აიღონ ის ფუნქციები, რაც სახელმწიფო ორგანოების ფუნქციებია.

მგონი, დღეს ამისთვის არავინ არის მზად, მათ შორის არც სამოქალაქო სექტორში. ვიდრე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ხდება პარტიული და არა პროფესიული ნიშნით, ცხადია, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ არ აიღებს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძის თქმით, ცესკო-ს რეფორმირების საკითხი ხელს არ უშლის საარჩევნო სისტემის შეცვლას, რადგან ცესკო ამ ყველაფრის ტექნიკურად აღმასრულებელია. ამასთან, სულხან სალაძის აზრით, მოლაპარაკებების მთავარი გასაღები უნდა იყოს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება.

სულხან სალაძის განმარტებით, თუ პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნები უნდა გახდეს სრულად პროპორციული, ბარიერი იყოს ერთი პროცენტი, ბუნებრივი, ან სამი პროცენტის ფარგლებში, ეს ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ის სისტემა, რომელიც თუნდაც 2024 წელს უნდა ამოქმედდეს და რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს აწესებს.

„სისტემას განსაზღვრავს და ადგენს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. თუ პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა გახდეს სრულად პროპორციული, ბარიერი უნდა იყოს ერთი პროცენტი ან ბუნებრივი ბარიერი, თუ გნებავთ, ორი ან მაქსიმუმ სამი პროცენტის ფარგლებში, ცხადია, ეს ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება, ვიდრე ის, რომელიც ამ წუთას გვაქვს საქართველოში, ან თუ გნებავთ ის, რომელიც 2024-ში ამოქმედდება და არის სრულად პროპორციული, თუმცა აწესებს 5-პროცენტიან ბარიერს.

იმ სისტემის მიხედვით, რაც 2024-ში უნდა ამოქმედდეს, პრაქტიკულად, დღევანდელი არჩევნების შედეგების გათვალისწინებითაც კი, სულ ორი პარტია შევიდოდა პარლამენტში და მათ მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა იქნებოდა სრული ასი პროცენტი.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 2024 წლის საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, ამ შედეგებით ყოველი მეხუთე ხმა იქნება დაკარგული. ამიტომაც ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებების მთავარი, მნიშვნელოვანი გასაღები უნდა იყოს სწორედ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება და ყველა ის საკითხი, რაც ასევე არის განხილვის საგანი, უნდა იყოს დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მოცემულობის წინაშე, რომ ერთი მხრივ, ახლა გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ხოლო 2024 წლამდე, პოლიტიკური პარტიების ნაწილი, თუ მოვლენების განვითარება სხვაგვარად არ წარიმართა ქვეყანაში და სხვა რამ არ გამოიგონა მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, უბრალოდ გაქრეს პოლიტიკური სივრციდან“, – განაცხადა სულხან სალაძემ.