სულხან სალაძე - პარლამენტში შესვლის, პოლიციელებისთვის აღჭურვილობის წართმევის მცდელობას არანაირი გამართლება არ აქვს
სულხან სალაძე - პარლამენტში შესვლის, პოლიციელებისთვის აღჭურვილობის წართმევის მცდელობას არანაირი გამართლება არ აქვს

პროცესი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახეთ პარლამენტის წინ, ეს იყო ერთგვარი მცდელობა პარლამენტში შესვლის, რასაც აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტთან განაცხადა.

მისი თქმით, ასევე გამართლება არ აქვს დღეს დილით პარლამენტში მომხდარ ფაქტს, როცა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს.

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს დილით საქართველოს პარლამენტში, ამას,  რა თქმა უნდა, არ აქვს არანაირი გამართლება. ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში – ეს იყო პრაქტიკულად უთავმოყვარეობის და სახელმწიფოსთვის ლაფის დასხმა. ამიტომაც ცხადია, ამაზე პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა პირებმა. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ რა პროცესიც ვნახეთ აქ პარლამენტის წინ, ცხადია, ეს პროტესტი არის აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანების, რომლებიც ითხოვდნენ კონკრეტული პირების როგორც პასუხისგებას, ასევე ინფორმაციას, თუ რა პროცესს ჰქონდა ადგილი, ეს იყო ერთი მხარე ამ პროტესტის, მაგრამ ასევე ჩვენ ძალიან მალე ვნახეთ ცოტა ხნის წინ, რომ იყო ერთგვარი მცდელობა პარლამენტში შესვლის, რასაც აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. პოლიციელებისთვის ინვენტარის, აღჭურვილობის წართმევის მცდელობა ან წყლის ბოთლების სროლა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს“,  – განაცხადა სულხან სალაძემ.

საიას-ს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ორივე მხარე განსაკუთრებით ყურადღებით იყოს.

„თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ორივე მხარე განსაკუთრებით ყურადღებით იყოს, პოლიტიკოსებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამ პროცესზე, რაც ახლა ხდება პარლამენტის შესასვლელთან, რუსთაველის ქუჩის მხრიდან. რამე ფორმით აქ მოვლენების ესკალაცია ან გართულება, ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს მდგომარეობას და ეს არის მხოლოდ ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს მტრის ინტერესის სფეროში“, – განაცხადა სულხან სალაძემ.