სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ომიკრონ ვარიანტი ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს — #1tvმეცნიერება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი ზედა სასუნთქ გზებზე მოქმედებს, იწვევს უფრო მსუბუქ სიმპტომებს, ვიდრე წინა ვარიანტები და ზოგიერთ ადგილას შეინიშნება „წყვეტა“ შემთხვევათა რაოდენობის ზრდასა და სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს შორის.
ამის მთავარი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ომიკრონი ფილტვებს ისე არ ესხმის თავს, როგორც კოვიდის წინა შტამები. როგორც ჩანს, ომიკრონი უფრო ცხვირსა და ყელზეა ფოკუსირებული და უფრო ნაკლებ პაციენტში იწვევს სუნთქვის პრობლემებსა და ვენტილირების საჭიროებას.
„სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ ომიკრონი სხეულის ზედა ნაწილს აინფიცირებს. ამით ის განსხვავდება სხვა შტამებისგან, რომლებიც ფილტვებს აზიანებენ და მწვავე პნევმონიას იწვევენ. შეიძლება ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ დადასტურებისთვის საჭიროებს მეტ კვლევას“, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემთხვევათა მენეჯერმა აბდი მაჰამუდმა.
ძლიერი მუტაციებით გამორჩეული ეს ვარიანტი პირველად გასული წლის ნოემბერში დააფიქსირეს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ის სწრაფად ვრცელდება და უკვე ფიქსირდება სულ მცირე 128 ქვეყანაში. 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა, ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ხშირად იმაზე დაბალია, ვიდრე პანდემიის სხვა ფაზებში.მაჰამუდის განცხადებით, ძლიერ გადამდებობის გამო, ომიკრონი მრავალ ადგილას სულ რამდენიმე კვირაში უნდა გახდეს დომინანტი შტამი, რაც საფრთხეს უქმნის სამედიცინო სისტემებს ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არავაქცინირებულია.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომიკრონი თითქოს გვერდს უვლიდა ანტისხეულებს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ COVID-19-ის ვაქცინები მაინც უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას T-ლიმფოციტებიდან მეორე რიგის იმუნური პასუხის აღძვრის გზით.
„ჩვენი პროგნოზი ის არის, რომ შენარჩუნდება დაცვა მწვავე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ. გამოწვევას წარმოადგენს არა ვაქცინები, არამედ ვაქცინაცია და მათი მიღწევა მოწყვლად მოსახლეობამდე“, — ამბობს მაჰამუდი და აღნიშნავს, რომ ეს ეხება ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის მიერ წარმოებულ ვაქცინებსაც.
ჟურნალისტების კითხვაზე, საჭიროა თუ არა კონკრეტულად ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაჰამუდი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ასეთი გადაწყვეტილება კი გლობალური კოორდინაციის საფუძველზე უნდა მოხდეს და არ უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებელთა გადასაწყვეტი.
„შეიძლება მთელი ძალისხმევა ომიკრონზე გადაიტანო, ამ დროს კი გამოჩნდეს უფრო გადამდები ვარიანტი, რომელიც იმუნურ სისტემას უფრო მეტად უსხლტება“, — აღნიშნავს იგი.
მისივე განცხადებით, ამ ვარიანტის გავლენის შემცირების საუკეთესო გზა იქნებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნის მიღწევა, რომელიც ივლისისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინირებას ითვალისწინებს.
აქვს თუ არა ომიკრონს ახალი სიმპტომები
ლონდონში ZOE-ს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ომიკრონით ინფიცირებულ პირებში გამოვლენილი სიმპტომები შეისწავლეს.
ხუთი მთავარი სიმპტომი, რომლებსაც პაციენტები ZOE-ს აპლიკაციაში იუწყებოდნენ, შემდეგია:
1. სურდო
2. თავის ტკივილი
3. დაღლილობა (მსუბუქი ან მძიმე)
4. ცემინება
5. ყელის ტკივილი