სულ მალე, თქვენი სმარტფონი სისხლის წნევას თითის ერთი შეხებით გაგიზომავთ — #1tvმეცნიერება
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ზრდის — თუნდაც გულის ან თირკმლების უკმარისობის. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანმა ასეთი დიაგნოზის შესახებ არც კი იცის.
Android სმარტფონის ახალ აპლიკაციას გულისცემის საფუძველზე შეუძლია ადამიანის არტერიებში წნევის შეფასება; ეს კი ადამიანისთვის პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენელი დეტალია ყოველგვარი სპეციალური ხელსაწყოების გარეშე.
აპლიკაცია პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და მონაცემებს იღებს თანამედროვე სმარტფონებში ჩაშენებული აქსელერომეტრის, კამერისა და შეხების სენსორებისგან.
ექიმთან წასვლის ან სპეციალური მოწყობილობის გამოყენების ნაცვლად, ერთ მშვენიერ დღეს, წნევის გასაზომად ადამიანმა შეიძლება საკუთარი სმარტფონი გამოიყენოს, რაც განსაკუთრებული შვება იქნება ისეთ მოსახლეობაში, სადაც სამედიცინო სერვისებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.
„დაუცველ მოსახლეობებში ბევრ ადამიანს ხელი არ მიუწვდება წნევის საზომ აპარატზე, არც ექიმთან რეგულარულ ვიზიტზე; უფრო მეტიც — შეიძლება საკუთარი პრობლემის შესახებ არც კი იცოდეს, მაგრამ ჰქონდეს სმარტფონი“, — ამბობს პიტსბურგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი რამაკრიშნა მუკამალა.
სისხლის წნევას ზომავენ მოწყობილობით, რომელსაც ნამდვილი ენისგასატეხი ჰქვია — სფიგმომანომეტრი. გაბერილი მანჟეტი მკლავის მთავარ არტერიას აწვება, კუმშავს და შემდეგ სისხლის ნაკადს ნელ-ნელა კვლავ უშვებს.
ყოველი გულისცემისას, წნევა იცვლება შეკუმშვებს შორის — რასაც სისტოლურ წნევას უწოდებენ — და რელაქსაციებს შორის, რასაც დიასტოლურ წნევას უწოდებენ. სისტოლური წნევა სისხლის წნევის მაჩვენებლებში მაღალი რიცხვებით გამოისახება, დიასტოლური კი დაბალი რიცხვებით.
ცვლილების დაფიქსირება ზოგიერთ ციფრულ მოწყობილობას ავტომატურად შეუძლია; ექიმები ასევე იყენებენ სტეთოსკოპს, რომლითაც პულსს უსმენენ, აფასებენ სხვაობებს წნევას შორის და მას ვერცხლისწყლის მილიმეტრების (mm Hg) სახით წერენ. როგორც წესი, 130 mm Hg-ზე მაღალი სისტოლური მაჩვენებელი დაკვირვების გაგრძელების მიზეზია.
სმარტფონს წნევის საზომი ტრადიციული მანჟეტის მსგავსად არ შეუძლია მკლავისთვის წნევის მოდება და სისხლის ნაკადის შეჩერება და გაშვება. ალტერნატიულ მიდგომად, აპლიკაცია პულსის წნევის დასადგენად იყენებს გრავიტაციის ძალას და თითის წნევის ძალას ტელეფონის სენსორულ ეკრანზე.
აპლიკაცია მომხმარებლებს აიძულებს შეცვალონ ხელების პოზიციონირება სისხლის ნაკადის შესაცვლელად, შემდეგ კი საჭიროა რამდენიმე ინსტრუქციული შეხება ტელეფონის ეკრანზე, რათა მივიღოთ პულსის წნევის სწორი მაჩვენებელი.
„როდესაც ხელებს გულს ზემოთ აწევთ, გრავიტაციის გამო, თქვენს ცერა თითში ჰიდროსტატიკური წნევა იცვლება; ტელეფონის აქსელერომეტრის გამოყენებით, შესაძლებელია ამის გარდაქმნა წნევის შესატყვის ცვლილებად“, — ამბობს პიტსბურგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი ვიშაალ დჰამოთარანი.
24 ადამიანზე ჩატარებულ ტესტირებაში და უფრო დიდ მონაცემთა ბაზასთან ჯვარედინი დამოწმებით, აპლიკაციამ პულსის წნევა საკმაოდ ზუსტი დონით დააფიქსირა, დაახლოებით 8 mm HG-ის დიაპაზონში. აპლიკაციის დახვეწა გრძელდება და მისი სიზუსტე კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.engineering.pitt.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.