Süddeutsche Zeitung - სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს. ამის შესახებ Süddeutsche Zeitung-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 18 აგვისტოს, მეზებერგში ვიზიტის დროს გერმანიის ხელისუფლებას განუცხადა. გერმანიაში რუსეთის პრეზიდენტი კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.
ამჟამად, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა საერთაშორისო კონსორციუმის ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს, რომელშიც 50 პროცენტი ბუნებრივი აირის მწარმოებელ რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
გერმანული გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის გეგმებს ევროკავშირის სახით შესაძლოა, სერიოზული ხელისშემშლელი გაუჩნდეს, რადგან გაერთიანებაში არსებული წესების თანახმად, ენერგორესურსების მწარმოებელი და მისი მიმწოდებელი არ შეიძლება ერთი და იგივე ქვეყანა იყოს.