სუდანში მთავრობის საწინააღმდეგო მჯდომარე აქციის დასაშლელად, უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში ათასობით დემონსტრანტი პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომას ითხოვს.
ასევე, გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა აქციაზე ცეცხლიც გახსნეს.
„ბიბისი“-ს ინფორმაციით, თავდაპირველად უცნობი იყო, რომელი დანაყოფები შედიოდა უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ აქციის დაშლა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის და მილიციის ნაწილებმა სცადეს.
მედიის ინფორმაციით, პირველი დაპირისპირების შემდეგ, უსაფრთხოების ძალები სამხედროებმა გაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ და აქციის მონაწილეები იძულებული გახდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ.
ომარ ალ-ბაშირი სუდანს 30 წელია მართავს.