სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ
სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლოს დაიწყება.
მთავრობის ინფორმაციით, 18, 22 და 26 ივნისის საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ევრო 2024-ის სამი ათასამდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს. ქომაგებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი.
ჩარტერული რეისები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან Georgian Wings-თან (თბილისი), Georgian Airways-თან (თბილისი), Wizz Air-თან (ქუთაისი) და კომპანია გასა-სთან (თბილისი) თანამშრომლობით შესრულდება. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით განხორციელდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს.