სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი - ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს
სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი - ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს

ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკური, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„დავასრულე მოლაპარაკებები საქარველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან კარგი მოლაპარაკებები იყო, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში. ჩვენი ურთიერთობები წარმატებულია. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას, რათა გამოვნახოთ თანამშრომლობის განვითარების გზები. ვიცე-პრემიერი ინდოეთში მოვიწვიე და ვთხოვე, რომ ბიზნეს დელეგაციით ეწვიოს ქვეყანას. აუცილებელია ინდოელმა ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს მაღალი რეიტინგების და ბიზნეს კეთების სიმარტივის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და საქართველოს და ინდოეთის შესანიშნავი ურთიერთოებები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა,” – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებით, ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, ენეგეტიკისა და მეტალურგიის სფეროში, დიდია ინდოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, რაც 50 000 მეტ ტურისტს შეადგენს, ასევე 8 000 ინდოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში. მისი თქმით, ორ ქვეყანას ყველა სფეროში შეუძლია თანამშრომლობის განვითარება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.