სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის განცხადება - დაჩქარებულად შეგვატანინეს განაცხადი, დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს
საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემა ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს.
„თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტართა განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მორიგ ერთობლივ განცხადებაში.
პარლამენტის აღნიშნული წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღზე ოდნავ მაინც რომ იყოს დამოკიდებული, ამგვარ წნეხს და „დედლაინზე“ ზეწოლას მინიმალური ახსნა მაინც ექნებოდა.
„მაგალითისათვის, ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება. თუმცა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა არასტანდარტულია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ შემთხვევაში ხდება არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის შინაარსობრივად არის მზად, არამედ დაჩქარებული წესით, პოლიტიკური მიზეზების გამო.
როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავენ, რომ დარწმუნებული არიან, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, ვერავინ ახსნის, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება.
„შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია. შესაბამისად, 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს. სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არც ერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს“, – ნათქვამია პარლამენტის სამი წევრის ერთობლივ განცხადებაში.