სუამის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 61-ე სხდომა გაიმართა
ვიდეოკონფერენციის ფორმატში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 61-ე სხდომა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სუამის ეროვნულმა კოორდინატორმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ. სხდომაში მონაწილეობდნენ უკრაინის, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩეანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ორხან ზეინალოვი და სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.
თეიმურაზ ჯანჯალიამ თავმჯდომარეობა მიულოცა უკრაინას, რომელმაც 2023 წელს ჩაიბარა აღნიშნული მანდატი და გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა, მიიღოს აქტიური მონაწილეობა უკრაინის თავმჯდომარეობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებაში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნა, რომ მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაცია“ და რუსეთის სხვა პროვოკაციული ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სუამის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები: პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, სუამი+ ფორმატებში თანამშრომლობა პარტნიორებთან და 2023 წელს უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის ღონისძიებები. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა უკრაინაში მიმდინარე ომისა და არსებული საფრთხეების ფონზე, ასევე ხაზი გაუსვეს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და ამ მიზნით სუამის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დაგეგმილ ნაბიჯებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.