სტუდენტურმა მოძრაობამ „ბრძოლა განათლებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი დატოვა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, კაბინეტის დატოვება დასაწყისია ახალი პროგრესული წინააღმდეგობის.
ისინი მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც თანასწორობა და სოციალური კეთილდღეობა შეუცვლელი ღირებულებაა, შეუერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში.
„ჩვენ სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ უკვე მე-16 დღეა, რაც ვიმყოფებით თსუ-ის რექტორის კაბინეტში. მივმართავთ საზოგადოებას. წლების შემდეგ კიდევ ერთხელ გაისმა სტუდენტების სამართლიანი პროტესტის ხმა, რაც გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ნაშენებმა ანტისახალხო სოციოეკონომიკურმა წესრიგმა. არსებულმა რეალობამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რეგულირებული საბინაო პოლიტიკა, რუსი და ბელორუსი საშუალო კლასის მიგრაციამ გამოიწვია საცხოვრებლის ყოველთვიური გადასახადის კოლოსალური ზრდა, რაც არ არის ხელმისაწვდომი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის. სტუდენტთა ცხოვრება დედაქალაქში დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან. სტუდენტებს ყოველთვიურად უძვირდებათ ცხოვრება, მათ მძიმე პირობებში უწევთ შრომა, რომ დაფარონ განათლების გადასახადი, ბინის ქირა და გაუმკლავდნენ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ხარჯებს.
სამი თვის წინ ჩვენი პროცესი დაიწყო აღნიშნული სოციალური პრობლემების საფუძველზე. სტუდენტებმა გავიაზრეთ დამამცირებელი დამოკიდებულებები უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან. 2 მაისს რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აუდიტორული სწავლების სრულად განახლებამ საგანმანათლებლო და საგამოცდო პროცესის მიღმა დატოვა ათასობით სტუდენტი, რომლებმაც ვერ მოახერხეს გაზრდილი საცხოვრებლის გადასახადთან გამკლავება და შესაბამისად თბილისში ჩამოსვლა.
ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვითხოვდით ჰიბრიდულ სწავლებას და ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილებას მხოლოდ ამ სემესტრში.
ამასთანავე ჩვენ კვლავ ვითხოვთ, საერთო საცხოვრებლის მშენებლობას სახელმწიფოს მიერ, რათა მეტ-ნაკლებად მოგვარდეს სტუდენტების სოციალურად არასტაბილური მდგომარეობა. ამავდროულად, ვხედავთ რექტორის არჩევის წესის ცვლილების საჭიროებას, რომელიც შედარებით გააუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს უნივერსიტეტში, ვინაიდან რექტორი უნდა აირჩეს აკადემიური პერსონალის სრული ჩართულობით და არა 38 კაცისგან დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს მიერ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სახელისუფლებო ვერტიკალი მუდმივად ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში. თსუ არა ერთხელ გამხდარა მსგავსი კონტროლის ობიექტი.
პროცესების მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ არ მიგვიღია ქმედითი პასუხები უნივერსიტეტისგან და სახელმწიფოსგან. მათი ყოველი დაპირება აღმოჩნდა ფასადური. 10 ივნისის აქცია, რომელიც დასრულდა რექტორის კაბინეტის დაკავებით, იყო პასუხი რექტორატისა და აკადემიური საბჭოს მხრიდან სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაუთვალისწინებლობასა და დაცინვაზე. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს ადგილს, საიდანაც ჩვენ ხმა გავაგონეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ სტუდენტებისთვის საჭირო სოციალურ პოლიტიკას. რექტორის კაბინეტი იქცა ერთგვარ თავშესაფრად სტუდენტებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ჰქონდა საცხოვრისის პრობლემა. სრულად ვიაზრებთ ამ სივრცის სიმბოლურ ღირებულებას, რითაც გაჯიუტებულ ბიუროკრატებს ვაიძულეთ, გადაეხედათ საკუთარი პოზიციისთვის.
პროცესებმა გამოიღო კონკრეტული შედეგები. უნივერისტეტში ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, მიმდინარე სემესტრში საერთო საცხოვრებელი გახდა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ასევე გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი, გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი და მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით. ამასთანავე, მოეწყო შეხვედრები სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან ჩვენ მიერ წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს მალე და გადაიდგას შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, ჩვენი პროცესი იქნება პერმანენტული და ადეკვატურად გაეცემა პასუხი პროცესებს. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სწრაფად შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა სტუდენტებისთვის, რაც გააჯანსაღებს სტუდენტურ ცხოვრებას სახელმწიფოში.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვტოვებთ კაბინეტს, მაგრამ ეს არის არა დასასრული პროცესის ტალღისა, არამედ დასაწყისი ახალი პროგრესული წინააღმდეგობის. ჩვენი პროტესტის, პრინციპულობის შედეგად ხმა გავაგონეთ სისტემას. სტუდენტების გახდა ფართო დისკუსიის საგანი. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ლექტორს, ვისთვისაც განათლების საყოველთაოობა, თანასწორობა და სოციალური კეთილდღეობა შეუცვლელი ღირებულებაა, შემოგვიერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში. ამიტომაც, ბრძოლა განათლებისთვის, ბრძოლა ღირსეული საერთო საცხოვრებლისთვის, ბრძოლა თანასწორობისთვის გრძელდება. სოლიდარობა სტუდენტებს“, – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.