სტუდენტები, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საქართველოში ვერ შემოვიდნენ, სემესტრის დასრულებას დისტანციურად შეძლებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.
აღნიშნულის შესახებ საუბარია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტებისათვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში განახორციელონ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში.