სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა და ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია გამართეს
სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა და ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია გამართეს

სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორის შექმნა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში.

დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი.

ასევე, პლატფორმის დამფუძნებლების ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, სადაც განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.

„ინიციატივა წარედგინა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მის მხარდასაჭერად მზაობა გამოხატეს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ამ მხარდაჭერის დასტური და პირველი ეტაპია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“, რომლის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომელიც დეკლარაციის ტექსტში აისახა“, – განაცხადეს ბრიფინგზე.

ამასთან, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი და წამოწყება არ არის პარტიულ-პოლიტიკური კუთვნილება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საზოგადოებრივი კუთვნილების, ამიტომ ამ პროექტის წარმატება, გამარჯვება, დაგვირგვინება იქნება ჩვენი საზოგადოების გამარჯვება. რაში გამოიხატება ეს გამარჯვება – ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, დავეუფლოთ საუბრის კულტურას, შევეჩვიოთ საპირისპირო აზრის მოსმენას და თუნდაც იმ საპირისპირო აზრში საერთოს მოძებნას და შეთანხმების მიღწევას. ალბათ, ეს არის ის, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია, ეს არის ალბათ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში. ამდენად, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ იმ პროექტს, რომლის არსზეც ჩვენს საზოგადოებაში საუბარი არის უკვე არაერთი წელია, მაგრამ ეს კონკრეტიკა არის ახლა თქვენს თვალწინ და ეს კონკრეტიკა ფორმალურად დაანონსდება ხვალ“, – განაცხადა ყიფიანმა.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ წარედგინება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, აკადემიური სფეროს, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.