სტრასბურგში, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობა დროებით დაიხურა
სტრასბურგში სროლის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრასბურგში სროლის გამო, მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უწყებამ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
„სტრასბურგში საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტი მოხდა. მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოვუწოდებთ. ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – აღნიშნულია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, სტრასბურგის ცენტრალურ ნაწილში, საშობაო ბაზრობასთან ცეცხლის გახსნეს. ბოლო მონაცემებით, სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.