სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა
სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან კრისტოფ კასტანერის ცნობით, თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. მანამდე დასავლური მედია ოთხი დაღუპულის შესახებ იუწყებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაშავებულებიდან ექვსი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 19:50 საათზე მოხდა. 29 წლის თავდამსხმელმა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
კრისტოფ კასტანერის განმარტებით, თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, თავდამსხმელი ფრანგი და გერმანელი სამართალდამცველებისთვის კარგად იყო ცნობილი.