სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო
სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო

სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. ვიზიტის გადადების მიზეზი არ სახელდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა წლიური მოხსენებისას პარლამენტში.