სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში, რუსეთის ფედერაციის მიერ 10 მილიონი ევროს მორალური კომპენსაცია ჩაერიცხება, რომელიც დაზარალებულებს უნდა გადაეცეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა.
„ამ საქმეს ორი ეტაპი ჰქონდა. პირველი ეტაპი 2014 წელს საქმის არსებითი განხილვის შედეგად საქართველოს სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ეხებოდა კომპენსაციის საკითხს, დღეს ამ გადაწყვეტილებით დასრულდა. მოცემული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ჩაერიცხება რუსეთის ფედერაციის მიერ დღეიდან სამი თვის პერიოდის ვადაში 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაეცეს იმ დაზარალებულებს, ვინც 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლი იყო.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რუსეთთან, 2014 წლიდან დღემდე მრავალი პროცედურული კომპლექსური პრობლემა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ოდენობის დაზარალებული ჰყავდა 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და იყო თუ არა კომპენსაციის განსაზღვრის წესი ის წესი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ადგენდა საქმეზე „კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, კომპენსაციის განაწილების მექანიზმი 18 თვის ვადაში უნდა შემუშავდეს.
„გადაწყვეტილებაში მითითებულია, როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა, მაგრამ შესამუშავებელი დარჩება მექანიზმი და ამისთვის 18 თვე გვაქვს მოცემული. ნათქვამია, რომ ისინი, ვინც მხოლოდ გამოძევების მსხვერპლი იყვნენ, 2 ათას ევროს მიიღებენ მორალური კომპენსაციის სახით, მაგრამ მათ, ვინც ასევე არაადამიანური მოპყრობის ან უკანონო დაკავებისა და პატიმრობის მსხვერპლი გახდნენ, დამატებით უნდა მიიღონ 10 ათასიდან 15 ათასი ევრო. ეს არის ჩარჩოები, რაც დაადგინა დღეს დიდმა პალატამ“, – განმარტა თეა წულუკიანმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.