სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი
რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელი მოსამართლე, დიმიტრი დედოვი გამოვიდა. ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.
საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრასა და განაწილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 17 მოსამართლიდან 16-მა დაუჭირა მხარი.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანმხვედრი მოსაზრებები გამოთქვეს უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან წარდგენილმა მოსამართლეებმა: განა იუდკივსკამ, ლეტიფ ჰუსეინოვმა და ლადო ჭანტურიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პირველი საქმე კვიპროსისა და თურქეთის საქმის შემდეგ, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო კომპენსაციის საქმის განხილვა სახელმწიფოთაშორის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განსაზღვრა სამი კრიტერიუმი იმის დასადგენად, რამდენად გამართლებული იყო დამაკმაყოფილებელი განაჩენი სახელმწიფოთაშორისი დავის საქმეში. განჩინების თანახმად, აღნიშნული სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელ მთავრობას უფლება ჰქონდა, წარედგინა სარჩელი 41-ე მუხლის საფუძველზე და რომ სამართლიანი კომპენსაციის გადაცემა ამ საქმეში გამართლებულია.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განმცხადებელმა მთავრობამ, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, უნდა შექმნას ეფექტიანი მექანიზმი აღნიშნული თანხის დაზარალებული პირებისთვის გასანაწილებლად, რაც სასამართლოს მითითებების მხედველობაში მიღებას ითვალისწინებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.