სტრასბურგის სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე მისი პატიმრობისას ხმის მიცემის უფლების დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მომჩივან შალვა რამიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ პირთა ხმის მიცემის უფლების აკრძალვა, რომელსაც ითვალისწინებდა 2008 წელს მოქმედი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და „საქართველოს კონსტიტუციის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი, იყო ზოგადი, ავტომატური და განურჩეველი ხასიათის.
აღნიშნული აკრძალვა ვრცელდებოდა ყველა მსჯავრდებულზე, მიუხედავად მათი სასჯელის ხანგრძლივობისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმისა. შესაბამისად, მომჩივანმა მონაწილეობა ვერ მიიღო არჩევნებში.
„სასამართლომ აღნიშნა, რომ მოგვიანებით, 2011 წელს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს მიეცათ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა, ამ ცვლილებების განხორციელება არ ახდენს გავლენას იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის მაისის არჩევნებში მომჩივანმა მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ − მომჩივან შალვა რამიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევა”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.