სტრასბურგის სასამართლო - ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.
საქმე ეხებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას 2019 წელს დაპატიმრებასა და ელექტრონული სამაჯურის მიმაგრებას. სასამართლომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება); ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში; ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს სასამართლოებს, რომ, სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისას, საქმეში არსებული მასალები ადასტურებდა „საფუძვლიან ეჭვს“, კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით, რომ მელიამ ,შესაძლოა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.
„მიზეზები, თუ რატომ იყო საჭირო პრევენციული ზომების გამოყენება მისი მიმალვის, მტკიცებულებების ხელყოფის ან ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, სრულად იყო წარმოდგენილი 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა გირაოს წინასწარ პატიმრობაში გადაქცევას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების დადგენილების დაუცველობის სიტუაციებში.
სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია დაუსაბუთებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომელიც ეფუძნება ამ უკანასკნელის განხილვაში არსებულ სხვადასხვა ელემენტს, რომ 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის გადაწყვეტილებებში მითითებული რისკები კვლავ არსებობდა 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც ამართლებდა გირაოს წინასწარი პატიმრობით შეცვლას. ეს დაპატიმრება შეფარდებული იქნა, როგორც უკანასკნელი საშუალება მას შემდეგ, რაც მელიამ აშკარა უარი თქვა გირაოს დადგენილების შესრულებაზე. სასამართლომ გააცნობიერა, რომ მელიას ქმედებები, შესაძლოა, განხილული ყოფილიყო იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული აშკარად დაძაბული პოლიტიკური გარემოს, მისი, როგორც პოლიტიკოსის სტატუსისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ფართო კონტექსტში. თუმცა, ჩანდა, რომ გირაოს ბრძანების შეუსრულებლობისთვის რაიმე სამართლებრივი შედეგის ნაცვლად, მელია ელოდა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებიდან წელიწად-ნახევრის გასვლის გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები საერთოდ გაუქმდებოდა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლბეთა კონვენციის ამგვარი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება კონვენციის სულისკვეთებასა და კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელიც ეფუძნება მე-5 მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, სასამართლომ არ დაადგინა ამ მუხლის დარღვევა.
რაც შეეხება ბრალდებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სურდა მელიას საქართველოში პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება, სტრასბურგის სასამართლომ ვერ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ ქართულმა სასამართლოებმა, რომლებიც ეყრდნობოდნენ მელიას თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის მნიშვნელობას, თავდაპირველად უარყვეს პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ხელისუფლებამ მას არ შეუზღუდა საპარლამენტო მანდატის განხორციელება, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, რამაც მას მოუტანა პარლამენტში განახლებული ადგილი. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, საპარლამენტო არჩევნებში სათანადოდ მიეღო მონაწილეობა“, – აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.