სტრასბურგის სასამართლომ 2010-2011 წლების საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა
2021 წლის 25 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მეექვსე მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება მომჩივან ვერა მჭედლიშვილის საჩივარს 2011 წელს სააპელაციო სამართალწარმოების დროს მის მიმართ ზეპირი მოსმენის უფლების დარღვევის თაობაზე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებასთან დაკავშირებით.
„კერძოდ, 2010 წლის 18 მარტს პოლიციამ იგი დააკავა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის გამო, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, რომ მომჩივანს საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. 2010 წლის 19 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩენილი აბები არ შეიცავდა ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს (პირველი ეპიზოდი). 2010 წლის 31 ივლისს მომჩივანი თანამონაწილე ა.მ.-თან ერთად დააკავეს (მეორე ეპიზოდი) 30 ივლისს მიღებული ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, რომ მომჩივანს თურქეთიდან საქართველოში კვლავ უკანონოდ შემოჰქონდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
2010 წლის 27 აგვისტოს მომჩივანს ბრალი წარედგინა საბაჟო წესების დარღვევის ორ ფაქტზე იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 2011 წლის 14 თებერვალს მომჩივანი რაიონული სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით ფარმაცევტული საშუალებების უკანონო შემოტანის გამო და, ჯამში, მიესაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს წინაშე მომჩივანი პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით აღიარებდა, რომ მან შემოიტანა ფარმაცევტული საშუალებები, თუმცა, არ ეთანხმებოდა მათი ღირებულების გამოთვლის მეთოდს.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა აღნიშნულ ეპიზოდთან. 2011 წლის 31 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
2011 წლის 22 ივნისს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი. როგორც პირველ ეპიზოდთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ იყო და რომ ექსპერტის მიერ შეფასება გაკეთდა სტანდარტული პროცედურის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოება არ წარმოშობდა რაიმე ფაქტობრივ ან სამართლებრივ საკითხებს, რომელთა ადეკვატურად გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა საქმის მასალებისა და მხარეთა წერილობითი მოსაზრებების საფუძველზე.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები ეხებოდა მომჩივნისა და მისი თანამონაწილის პიროვნებასა და როლს, მომჩივნისთვის ზეპირი ფორმით უნდა მოესმინათ. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნები წერილობითი ფორმით დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ, მან არ უპასუხა მომჩივნის თხოვნას ზეპირი მოსმენის თაობაზე და საკითხი განიხილა საქმის მასალების საფუძველზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია, სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას, რამაც შეიძლება გაამართლოს ზეპირი მოსმენის არარსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივნის ნებისმიერი მორალური ზიანისთვის და მას კომპენსაცია არ მიანიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.