სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს უარი უთხრა საქმეში „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ ჩართვაზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა ე.წ. კორტების საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) ჩართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მიმართა თხოვნით საქმეში ჩართვაზე, რადგან სურდა, წარედგინა მესამე მხარის მოსაზრება მოცემულ საქმეზე სასამართლო პროცესის სამართლიანობის შესახებ (მტკიცებულებათა, კერძოდ, მოქმედი და ყოფილი სამართალდამცავების ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით). ომბუდსმენის ოფისი სტრასბურგის სასამართლოს სთავაზობდა, გაეზიარებინა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა და მიეცა მისთვის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის უფლება საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. სახალხო დამცველის ეს თხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქმის − „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ − განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას შეტყობინება 2018 წლის 18 ოქტომბერს გამოუგზავნა. იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფოს პოზიციას 2019 წლის 7 თებერვლამდე წარადგენს.
მომჩივნები ირაკლი ფირცხალავა (შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე) და გიორგი ცააძე (შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი) მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ასაჩივრებენ (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტები). ეროვნულმა სასამართლოებმა ისინი დამნაშავედ ცნეს 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლის მოსპობაში, ხოლო ბონდო ფუთურიძისთვის − სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.