სტრასბურგის სასამართლომ 2014 წელს სოფელ მოხეში ადგილობრივი მუსლიმების დაკავების საქმეზე სახელმწიფო ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა
სტრასბურგის სასამართლომ 2014 წელს სოფელ მოხეში ადგილობრივი მუსლიმების დაკავების საქმეზე სახელმწიფო ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში პოლიციის მიერ ადგილობრივი მუსლიმების დაკავებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებულ საქმეზე სახელმწიფო ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა. აღნიშნული მუხლები გულისხმობს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვას. გადაწყვეტილება საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სარჩელის მიხედვით, მომჩივანთა დაკავების დროს პოლიცია მათ ფიზიკურად და ვერბალურად დაესხა თავს, გამოიყენა დისკრიმინაციული შეურაცხყოფა და მათ საჩივარზე გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა, რაც კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევას წარმოადგენდა.

როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ოთხივე მომჩივანის მიმართ დადგინდა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა როგორც დამოუკიდებლად, ასევე მე-14 მუხლთან მიმართებით. ამასთან, სასამართლო ადგენს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას. სხვა სამი აპლიკანტის მიმართ მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევა არ დადგენილა.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ არ არის საჭიროება, არსებითად განიხილოს მომჩივანთა საჩივრები მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებთან მიმართებით. სტრასბურგის სასამართლომ დაავალდებულა საქართველოს მთავრობა, გადაუხადოს 3 900 ევრო მიქელაძეს, ხოლო დანარჩენ სამ მოსარჩელეს სათითაოდ 1 800 ევრო.

აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულების ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე, ისევე როგორც ადგილობრივ დონეზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა.