სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევები დაადგინა
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევები დაადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2019 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე შეეხება 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჩატარებულ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს.
დაკავების მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება დასახელდა.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
სასამართლოს მიერ არსებით ნაწილში დადგენილი დარღვევა ეხებოდა დაკავებისას მომჩივნისთვის (ნიკოლოზ გოგუაძე) მიყენებულ მრავლობით დაზიანებებსა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. კერძოდ, მომჩივნის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერთან დაკავების შემდეგ, იგი გადაიყვანეს ქარელის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისის პოლიციის განყოფილებაში ექვსსაათიანი დაკითხვის დროს.
სასამართლოს შეფასებით, ობიექტური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მომჩივანს აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება სახისა და ტანის არეში, რომლებიც დაკავებამდე არ ჰქონია. სასამართლო, სხვებს შორის, დაეყრდნო გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის მიერ შეგროვებულ მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდებოდა მომჩივნის ვერსია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, მხედველობაში იქნა მიღებული პროკურორის 2017 წლის 19 ივლისის დადგენილება საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების თაობაზე, რომლითაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მომჩივნის არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
რაც შეეხება პროცედურული ნაწილის დარღვევას, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2013 წლამდე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე. კერძოდ, გამოძიების დაწყებიდან პირველი 18 თვის განმავლობაში (მტკიცებულებების მოპოვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე) ერთადერთ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენდა მომჩივნის დაკითხვა – 2011 წლის 2 სექტემბერს. 2012 წლის დეკემბერში გამოძიება განახლდა და ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო 2016 წლის მაისიდან საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2017 წლის ივნისი-სექტემბრისა და 2018 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში განხორციელდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რადგან, ამ ეტაპამდე, გამოძიება დასრულებული არ არის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 10 000 (ათი ათასი) ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.