სტრასბურგის სასამართლომ 2008 წელს უკრაინის მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო ჩხრეკის გამოუძიებლობისა და არასამართლიანი სასამართლოს გამო ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
2020 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილისა და მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მომჩივანი 2008 წელს თბილისის აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტზე, რის შემდეგაც იგი გაშიშვლებულ მდგომარეობაში გაჩხრიკეს და ამოიღეს გარკვეული ნივთიერება, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა მეტადონი. მომჩივანს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისა და გადატანის ფაქტზე. გამოძიებასა და სამართალწარმოების დროს დაკითხვისას მომჩივანი თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკები მას „ჩაუდეს“. იგი, ასევე, ამტკიცებდა, რომ სცემეს და აიძულეს, გაშიშვლებულიყო და გაეკეთებინა ბუქნები, რასაც პოლიციელები მობილური ტელეფონებით იღებდნენ. მომჩივნის თქმით, პოლიციელებმა მას უკანა ტანი შეუმოწმეს და მას შემდეგ, რაც მან მეორე შემოწმებისას გონება დაკარგა და გამოფხიზლდა, უთხრეს, რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკები. მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2009 წელს. სასამართლოები მტკიცებულების სახით დაეყრდნენ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკებს, სამი პოლიციელისა და ჩხრეკის პროცესში დამსწრე თარჯიმნის განმარტებებს. მათ დაადასტურეს თავიანთი ჩვენებები, რითაც უარყოფდნენ მომჩივნის არასათანადო მოპყრობას და ადასტურებდნენ, რომ პოლიციელმა ნარკოტიკული ნივთიერება მომჩივნის მიერ ბუქნების შესრულების დროს აღმოაჩინა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილეს მომჩივნის საჩივრები არასათანადო მოპყრობისა და პროცედურული დარღვევების თაობაზე.
მომჩივნის მოთხოვნა საგამოძიებო და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართ მისი სამედიცინო შემოწმების ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, 2008 წლის 17 ოქტომბერს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის საჩივარი მე-3 მუხლის ფარგლებში ეხებოდა ორ ასპექტს: 1) არასათანადო მოპყრობას დაკავებისას და ფაქტის გამოუძიებლობას; 2) მის გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკას და ამ ეპიზოდის გამოუძიებლობას. დაკავებისას არასათანადო მოპყრობასა და გამოძიებასთან დაკავშირებული საჩივრის ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ მიუღებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ მომჩივნის მიერ არ იქნა დაცული საჩივრის წარდგენის 6-თვიანი წესი. რაც შეეხება გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკასა და ფაქტის გამოუძიებლობას, სასამართლოს შეფასებით, იმის გამო, რომ 2008 წელს საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა, 2013 წელს განახლებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებაც არ იყო საკმარისი, რადგან უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული შესაძლო დარღვევიდან. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის ფარგლებში, როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის უკანა ტანის შემოწმება ჩატარდა მის მიერ აღწერილ გარემოებებში. ამდენად, სასამართლოს არ შეუძლია, დაასკვნას, რომ გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩხრეკა მიზნად ისახავდა მომჩივნის დამცირებას ან რომ იგი განხორციელდა მისთვის ტკივილის მიყენებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას. მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს მომჩივნის მიმართ 2008-2010 წლებში წარმოებული საქმის განხილვის დროს საკმარისად არ უმსჯელიათ იმაზე, თუ როგორ განხორციელდა მთავარი მტკიცებულების – ნარკოტიკული საშუალების – მოპოვება, ასევე, მათ არ განუხილავთ მომჩივნის პრეტენზია ჩხრეკის არაადამიანური და დამამაცირებელი ფორმებით განხორციელების შესახებ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვა) დარღვევას.
რაც შეეხება თარჯიმნის მომსახურების საკითხს, ვინაიდან კონვენცია არ მოითხოვს ოფიციალური დოკუმენტების ყველა პუნქტის წერილობით თარგმანს, ხოლო ზეპირი ენობრივი დახმარება შეიძლება აკმაყოფილებდეს კონვენციის სტანდარტებს, და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი უზრუნველყოფილი იყო ენობრივი თარგმანით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 „ე““პუნქტების დარღვევას. ზემოხსენებული დარღვევების გამო სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 10,000 ევრო მიაკუთვნა“, – ნათქვამია იუსტიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.