სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს ნარკოტიკების „ჩადების“ კიდევ ერთ საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
2020 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და 2006-2008 წლების ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მომჩივან ლავრენტი ბაქრაძის დავა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების საფუძველზე შეეხებოდა 2006 წელს პოლიციის მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და უკანონოდ განხორციელებული ჩხრეკის შედეგებზე დაფუძნებულ მსჯავრდებას.
„კერძოდ, 2006 წლის 3 მარტს მომჩივანი ნარკოტიკების უკანონო ფლობის გამო მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაახლოებით, 22:00 საათზე რამდენიმე პოლიციელი ლავრენტი ბაქრაძის ბინაში ძალის გამოყენებით შეიჭრა, მომჩივანს ხელბორკილები დაადო და დაიწყო ოთახების ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმის თანახმად, პოლიციელებმა სამზარეულოსა და სააბაზანოს დამაკავშირებელ საკანალიზაციო მილში სუბოტექსის ოცდაექვსნახევარი აბი იპოვნეს, ხოლო ორი აბი პირადად მომჩივანს აღმოუჩინეს. შესაბამისად, მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვაში. ეროვნული სასამართლოს წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა მას თავში ჩაარტყეს და როდესაც იგი გონს მოვიდა, განუცხადეს, რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალებები.
მომჩივნის თანახმად, მან ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრება მოითხოვა, მაგრამ – უშედეგოდ. 2006 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ემყარებოდა ორი პოლიციელის ჩვენებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მომჩივნის დაკავებასა და ბინის ჩხრეკაში; ჩხრეკის შედეგებსა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას. მომჩივანმა მოითხოვა, დაკავებისა და ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით დაეკითხათ მეზობლები და პოლიციის ოპერაციის დროს მის ბინაში მყოფი მეგობარი (ლ.ც.), რაზეც უარი მიიღო.
2007 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და 2008 წლის 9 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვეს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სასამართლო ზედამხედველობა არ 2 განხორციელებულა; ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება; ამასთან, პოლიციელებმა არ მისცეს მომჩივანს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ დამოუკიდებელი მოწმეები. ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ, ჰქონდა თუ არა პოლიციას წინასწარი ინფორმაცია იმ ნარკოტიკების შესახებ, რომელთაც ეძებდნენ, და იყო თუ არა ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა ორდერის წინასწარი გაცემის გარეშე, მოწმეების დასწრების არარსებობის პირობებში.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ბრალდება ემყარებოდა ნარკოტიკების ფლობის ფაქტს, მომჩივნის სურვილი, რომ მოესმინათ დაცვის მხარის მოწმისთვის, წარმოადგენდა ამ ძირითადი ვარაუდის ეფექტიანად გასაჩივრების გონივრულ მცდელობას.
გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიღეს მხედველობაში ლ.ც.- ს ჩვენების მნიშვნელობა და არ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება აღნიშნულის თაობაზე. ხსენებული გარემოებების ფონზე, დაცვის მხარის ერთადერთი შესაძლო მოწმის დაკითხვაზე ეროვნული სასამართლოების უარმა სასამართლო პროცესი მთლიანობაში გახადა უსამართლო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევას და მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 5,000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნო 2019 წლის 14 მარტს საქმეზე – „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – და 2020 წლის 7 მაისს საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც მომჩივნების დავა შეეხებოდა 2004-2008 წლებში პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და რისი პრაქტიკაც ევროპულმა სასამართლომ სამივე საქმეში დაადასტურა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.