სტრასბურგის სასამართლომ 2004 წელს გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალებაზე ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება 2018 წლის 19 ივლისს გამოიტანა და 2004 წელს მომჩივან გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტურად ფუნქციონირების ვერუზრუნველყოფისა და სამოქალაქო სამართალწარმოებაში კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამო, კონვენციის მე-2 მუხლი დაირღვა.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ექიმებს არ გააჩნდათ სათანადო ლიცენზიები და, რომ საავადმყოფო ახორციელებდა სხვადასხვა სამედიცინო საქმიანობას აუცილებელი ნებართვების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დაცული პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები – მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება არ შესრულდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე განხორციელებული გამოძიებისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება არ იყო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი, ვინაიდან შიდასამართლებრივი სისტემა არ იძლეოდა საშუალებას, სამედიცინო დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებში, გარდაცვლილი მსხვერპლის ახლო ნათესავებს მოეთხოვათ მორალური ზიანი.
აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის შესახებ მიუთითა.
2004 წელს მომჩივანის შვილი გ.ბ. საავადმყოფოში, ტრავმული დაზიანებების ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი მკურნალობისას დაშვებული იყო საექიმო შეცდომა. საქმესთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობდა.