იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლომ 2004-2008 წლებში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2004-2008 წლებში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე.
„მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სოდ-ის თანმშრომლებმა ნარკოტიკები მასთან განზრახ განათავსეს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს; მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს თვითნებურად ეთქვათ უარი ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრებაზე; შიდა სასამართლოებმა კი, სათანადოდ არ განიხილეს დაცვის მხარის არგუმენტები სადავო მტკიცებულებების თაობაზე.
კერძოდ, 2007 წლის 3 ივლისს, ნარკოტიკების ფლობის საფუძველზე, მომჩივანი მანქანით გადაადგილებისას სოდ-ის თანამშრომლებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და როგორც შარვლის ჯიბიდან, ისე მანქანიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოუღეს, რასაც მომჩივანი აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკები არ ჰქონია. იმავე დღეს, მომჩივნის დაკავებისა და ჩხრეკის პარალელურად, სოდ-ის თანამშრომლები, მერაბ მეგრელიშვილის მეუღლის, სიდედრისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ მის ბინასა და ავტოფარეხს, სადაც დამატებით იპოვეს ნარკოტიკული საშუალებები (სახლის აივანსა და ავტოფარეხში).
ჩხრეკის ოქმები ადასტურებს, რომ მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს არ მისცეს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ მომჩივნის ადვოკატი ან დამოუკიდებელი მოწმეები. მომჩივანმა და მისი ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს ჩხრეკის ოქმების ხელმოწერაზე და აღნიშნეს, რომ ნარკოტიკები „ჩაუდეს“ სოდ-ის თანამშრომლებმა.
2007 წლის 4 ივლისს მომჩივანს ბრალი წაუყენეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის. 2008 წლის 31 მარტს მომჩივანი დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 16 ივლისს, ხოლო 2008 წლის 19 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა მომჩივნის საკასაციო საჩივარი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა შემდეგი გარემოებების გამო:
1. ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სასამართლო ზედამხედველობა არ განხორციელებულა;
2. ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება;
3. ჩხრეკას არ დაასწრეს დამოუკიდებელი მოწმეები;
4. სასამართლო განხილვის ეტაპზე ამგვარ საეჭვო ვითარებაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება სათანადოდ არ გაანალიზდა;
5. საეჭვო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკების გარდა, საქმეში არ ყოფილა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის ბრალეულობას დაადასტურებდა.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კუმულაციურად – ჩხრეკის დროს არსებულმა პროცედურულმა ხარვეზებმა, არაადეკვატურმა სასამართლო შემოწმებამ და საქმეში არსებულმა სხვა სუსტმა დამადასტურებელმა მტკიცებულებებმა მთლიანობაში დაარღვია მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა 3 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნო 2019 წლის 14 მარტს საქმეზე – „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გამოტანილ გადაწყვეტილებას, სადაც მომჩივანი, აგრეთვე, ჩიოდა 2005 წელს შსს-ის თანამშრომლების მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ გამო. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეშიც კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა, რადგან ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, და სასამართლო განხილვის ეტაპზე ეს საეჭვო გარემოებები არ აღმოფხვრილა“, – აღნიშნულის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.